top of page
Search

უცხოელთა დასაქმების წესი მკაცრდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?

2026 წლის 1-ლი მარტიდან შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ახალი რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების პროცესს უფრო მეტად რეგულირებადს ხდის და დამსაქმებლებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს.


განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მთავარი მიზანი უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლა და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვაა. თუმცა, ბიზნესსექტორისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს დამატებით ბიუროკრატიულ პროცედურებსა და ვადების მკაცრ კონტროლს.


რა იცვლება დამსაქმებლისთვის?

ამჟამად მოქმედი ლიბერალური რეჟიმისგან განსხვავებით, სადაც უცხოელის დასაქმებისთვის ხშირად მხოლოდ ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია იყო საკმარისი, ახალი კანონი პროცესს ართულებს.


პირველი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის ლეგალურად დასაქმებისთვის სავალდებულო ხდება სამი ძირითადი კომპონენტის არსებობა:

  1. შრომითი ხელშეკრულება;

  2. მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა;

  3. შრომითი საქმიანობის უფლება (ახალი დოკუმენტი).


„შრომითი საქმიანობის უფლება“ - ახალი ბარიერი თუ საჭიროება?

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე სწორედ „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვებაა. ამ დოკუმენტის გარეშე უცხოელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალულია.

  • ვის ევალება მოპოვება? განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროში უშუალოდ დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს (გამონაკლისია თვითდასაქმებული, რომელიც თავად მიმართავს უწყებას).

  • ვადები: სამინისტროს გადაწყვეტილების მისაღებად 30 კალენდარული დღე აქვს.

  • საფასური: მომსახურების ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარით.


მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს უჩნდება ბერკეტი, უარი თქვას ნებართვის გაცემაზე, თუ ჩათვლის, რომ უცხოელის კვალიფიკაცია არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს ან ადგილობრივი კადრით ჩანაცვლება შესაძლებელია.

უცხოელთა დასაქმება
უცხოელთა დასაქმების წესი მკაცრდება

საჯარიმო სანქციები

კანონის დარღვევა ბიზნესისთვის ფინანსურ რისკებს შეიცავს. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე უცხოელის დასაქმება გამოიწვევს დაჯარიმებას:

  • 2 000 ლარის ოდენობით - დამსაქმებლისთვის (თითოეულ დასაქმებულზე);

  • 2 000 ლარის ოდენობით - თავად შრომითი იმიგრანტისთვის.


უცხოელთა დასაქმების წესის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები ორმაგდება და სამმაგდება.


გამონაკლისები

ახალი რეგულაციები არ შეეხებათ გარკვეულ კატეგორიებს, მათ შორის: ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებს, დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებს, აკრედიტებულ ჟურნალისტებსა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს.


რეკომენდაცია Document.ge-სგან®

ვინაიდან კანონის ამოქმედებამდე მცირე დრო რჩება, კომპანიებს ვურჩევთ, წინასწარ გადახედონ თავიანთ საკადრო პოლიტიკას. თუ გეგმავთ უცხოელი თანამშრომლების აყვანას ან უკვე გყავთ დასაქმებული კადრები, დროულად მოამზადეთ საჭირო დოკუმენტაცია, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და ფინანსური სანქციები. დოკუმენტების სწრაფად და ბიუჯეტურად მოსამზადებლად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი Document.ge-ის გამოყენებაა.

 
 
bottom of page